logo
ENG



ივანიშვილის თქმით, "ფინანსურ შანტაჟში" აშშ-სა და ევროკავშირს არ ადანაშაულებს

01 ოქტ 202417:57
3 წუთის საკითხავი
 
ივანიშვილის თქმით, "ფინანსურ შანტაჟში" აშშ-სა და ევროკავშირს არ ადანაშაულებს

ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ "ფინანსურ შანტაჟში" არც აშშ-სა და არც ევროკავშირს არ ადანაშაულებს. ამის შესახებ მის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან აშშ-ის საელჩოს ფეისბუქპოსტის საპასუხოდ გაავრცელა.

ივანიშვილი კვლავ ამტკიცებს, რომ "შანტაჟის" უკან ე.წ. გლობალური ომის პარტია დგას.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა შემდეგი შინაარსის ბანერი: "იძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?" მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, ამ ბანერს განცხადებით გამოვეხმაუროთ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ.

როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვაზე და ფინანსურ შანტაჟზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვაკონკრეტებდით, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც ივანიშვილი ამბობს, ე.წ. გლობალური ომის პარტიას, რომლის არსებობას მხოლოდ ქართული ოცნება და მისი ლიდერები ამტკიცებენ და დღემდე უცნობია, რას წარმოადგენს ის, გავლენა აქვს პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში.

"სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია", - აღნიშნულია ივანიშვილის ვრცელ წერილში.

ივანიშვილის თქმით, თავისი პოზიცია მან ამერიკელ კოლეგებს წერილობითაც აცნობა და საელჩოს მოწოდების შემთხვევაში, მზად არის წერილის შინაარსე საჯაროდაც ისაუბროს:

"გარდა ამისა, ჩემმა ადვოკატებმა საზოგადოებისთვის არაერთგზის გაასაჯაროეს დეტალური ინფორმაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემთვის დაწესებული ფინანსური შეზღუდვების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, ამ ყველაფრის შესახებ ჩემს ადვოკატებს განახლებული ინფორმაციაც გამოვაქვეყნებინო. იმასაც შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ოლიგარქიული გავლენების, არაფორმალური მმართველობის, „დიფ სთეითისა“ და ომის პარტიის თემა ჩვენ მიერ არ არის წამოწეული და ეს საკითხი ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად გვევლინება. ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ თავად საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო პრაიმერიზის კანდიდატები რობერტ კენედი უმცროსი და ვივეკ რამასვამი და სხვები. სწორედ გლობალური ომის პარტიაა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას, აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს". 

ბიძინა ივანიშვილი ასევე აშშ-სა და ევროკავშირს სწერს, რომ მათ "გამოუსწორებელი ზიანი მიადგებათ", თუ საზოგადოება დაიჯერებს, რომ ხელისუფლების შეცვლა მათ სურთ.

"ქართულმა საზოგადოებამ თუ დაიჯერა, რომ საქართველოში ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ძალაუფლების კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაბრუნება არა გლობალურ ომის პარტიას, არამედ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ, ამით როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის იმიჯს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება".


close დახურვა